აფხაზეთში ვიზიტი და წინასაარჩევნო აქტივობები - ცენტრი "დოსიე", "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთთან კავშირების შესახებ ახალ მასალებს აქვეყნებს.
დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ პარტია კრემლიდან კონკრეტულ და პირდაპირ მითითებებს იღებს, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონში არალეგალური ვიზიტის გამართლებასთან დაკავშირებით. როგორც "დოსიე" იუწყება პარტიამ მიიღო მითითებები და პასუხები, რომელიც "პატრიოტთა ალიანსს" მედიასთან კომენტარებში უნდა გამოეყენებინა.
ცენტრ "დოსიეს" ახალ მასალებს ხელისუფლების ოპონენტები აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს დოკუმენტები უკვე იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყონ.
"საბუთები იმის საფუძველს იძლევა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მოკვლევა დაიწყონ. ერთის მხრივ, პარტიების საერთაშორისო დაფინანსება შეზღუდულია და მითუმეტეს, თუ ეს დაფინანსება უკავშირდება, რუსეთს. შესაბამისად, თუ კონკრეტულ დავალებებს იღებ რუსეთისგან, ეს ძალიან მძიმე დანაშაულისკენ მიუთითებს," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
ოპოზიციაში, ასევე, "დოსიეს" იმ პირველი დოკუმენტის შესახებაც საუბრობენ, სადაც აღნიშნული იყო, რომ "პატრიოტთა ალიანსი" კრემლისგან 8 მილიონით ფინანსდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ის ფაქტი, რომ გამოძიება პირველ დოკუმენტზე ჯერ კიდევ არ დაწყებულა მთავრობასა და "პატრიოტთა ალიანსის" კავშირზე მიუთითებს.
"ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლებრივი გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყებულა - ყველაფერზე მეტყველებს, ამით მთავრობამ თქვა, რომ "ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი" არის ერთ სულ და ერთ ხორც და რომ ეს ორივე პარტია ერთი და იგივეა," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა გიორგი კანდელაკმა.