საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ პარტია "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთისგან შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პირველ რიგში, ეს ფაქტი უნდა დადასტურდეს.
როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ყველა შემთხვევაში პარტიის ხედვა, რომ რუსეთი შესაძლოა, საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმაროს, აბსურდულია.
"უნდა დაუდასტურდეს, მე "პატრიოტთა ალიანსის" ადვოკატი არ ვარ. მათი დამოკიდებულებაა კონფლიქტის მოგვარების თემასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უტოპიური ხედვა, რომ რუსეთი დაგვეხმარება აფხაზეთთან კონფლიქტის მოგვარებაში, ეს უკვე თვითონ რუსულ ნარატივზე მიუთითებს. მაგრამ არის ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ასეთი წარმოდგენა აქვს. "პატრიოტთა ალიანსს" ასეთი წარმოდგენა და ილუზიები აქვს, თუ გეგმაზომიერად მუშაობს რუსეთის შეკვეთით, ეს გამოჩნდება, თუკი დადგინდება, რომ ეს თანხა რეალურად არის ან შემოსული, ან ითხოვენ მაინც, რაღაც ფინანსური ურთიერთობა აქვს დამპყრობელთან და ოკუპანტთან. მაგრამ ამას დადასტურება სჭირდება. ხელისუფლებას არ აქვს უფლება მთელ პარტიას, მათ მიმდევრებს, საზოგადოებას დააბრალო ის, რომ რუსულ ნარატივზე არიან დამჯდარი.
ჩვენი "პატრიოტთა ალიანსთან" ერთიან კონტექსტში განხილვა მათი სტრატეგიული გეგმაა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნონ, რომ "პატრიოტთა ალიანსთან" არის ერთობლივი მიზნები, ამ დროს კი, რეალურად სხვა რამ ხდება.
"პატრიოტთა ალიანსს" რაც შეეხება, აბსოლუტური სისულელეა, პოლიტიკაში ასეთი რამ არ არსებობს, რომ დამპყრობელს, ოკუპანტს უთხრა, რომ იქნება აფხაზეთთან მომაგვარებინო ურთიერთობაო. ფინანსურ თემას რაც შეეხება, აუდიტის სამსახური საკმაოდ მაღალპროფესიულ დონეზე შეისწავლის ამ თემას,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში კრემლის მიერ საქართველოში "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესახებ სკანდალური სტატია გამოქვეყნდა.
ამის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
პროკურატურამ კი საქმე შესწავლის თხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადასცა.
გარდა ამისა, პარტიის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტსა და წინასაარჩევნო აქტივობების შესახებ რუსული საინფორმაციო ცენტრი "დოსიე" ახალ მასალებს აქვეყნებს.