მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში იწყება. 16 ოქტომბერს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა შედგება. განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ის მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.
2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი მილიარდ 147 მილიონით იზრდება. მასში ამ ეტაპზე არ არის ასახული COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები.
ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად იკლებს.
"ჩვენი ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად კლებადია, ხელფასების ნაწილის ზრდაში არის გათვალისწინებული პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის და სხვა, ასეთი ტიპის პროფესიებისთვის ხელფასების ზრდა, რომელიც სამწუხაროდ არ არის იმ დონის, რა რისკის საქმიანობასაც ახორციელებენ ეს ჯგუფები. ჩვენ არ გვაქვს ის ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილი, რომელიც საჯარო მოხელეების ანუ ე.წ. ბიუროკრატიის ხარჯების ზრდას ემსახურება," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.