17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ოპოზიციის შეფასებით, წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საიას ანგარიში კრიტიკულია

წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს ოპოზიციაში კრიტიკულს უწოდებენ და ამბობენ, რომ დარღვევები, განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ძალადობა, ხელისუფლების მხრიდან ჩვეულებრივი მოვლენაა.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ პარტიებს მშვიდი საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება არ ჰქონდეთ.

"ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ არ მისცეს ადამიანებს თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალება, ჟურნალისტებს, რაც ყველაზე მთავარია - ისინი აშინებენ ყველა ადმინისტრაციული ბერკეტით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სოციალურ დახმარებაზე, რომლებიც მუშაობენ ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებაში და შესაბამისად, აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობითა და მოსყიდვით ცდილობს.

"ქართული ოცნება" დღესაც კი არ იშლის თავის ზნეს და ძალადობით, მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსით, სხვა ხრიკებით თუ სხვადასხვა მეთოდებით კვლავ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

დღის ამბები