17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამას ბოლომდე შევინარჩუნებთ - რატი იონათამიშვილი

საიას შუალედურ ანგარიშს ოპოზიციისგან განსხვავებულად აფასებენ მმართველ გუნდში - უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდად და სტაბილურად მიმდინარეობს, რაც შეეხება დარღვევების ფაქტებს, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ყველა ფაქტზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.

"ფაქტია, რომ დღეს, მიუხედავად ერთეული ინციდენტებისა, სწორედ "ქართული ოცნების" პარტიის ლიდერების მოწოდებების და ასევე სამართალდამცავთა მყისიერი რეაგირების შედეგად, განეიტრალებულია ეს პროცესები, მიმდინარეობს კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში და ჩვენ ამას შევინარჩუნებთ ბოლომდე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ძალადობის წახალისება წინასაარჩევნოდ ყოველთვის მათი კონკურენტების მხრიდან ხდება, რადგან "ქართული ოცნება" ყველა რეიტინგში დამაჯერებლად ლიდერობს.

"ჩვენი გუნდი კატეგორიულად ემიჯნება ყველა სახის ძალადობას. რაც მთავარია არანაირი საჭიროება იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" რაიმე სახით დაძაბოს წინასაარჩევნო პერიოდში ვითარება, არ არსებობს. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოების პოზიტიურ დამოკიდებულებას და შესაბამისად, ეს პროვოკაციები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ოპონენტების ინტერესებშია, რომლებიც ცდილობენ თავისი აქტივისტების მოტივირებას, გამხნევებას და რაც მთავარია, საარჩევნო პროცესის გაშავებას იმისათვის, რომ შემდგომში ჰქონდეთ ძალადობრივი სცენარების განხორციელების საშუალება," - აცხადებს პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგი მეშველიანი.

დღის ამბები