არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს განმარტებების გაკეთებას სთხოვს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება კუბილიუსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე გააკეთა, სადაც ევროპარლამენტარი წერს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის - აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან - პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს," - წერს კუბილიუსი.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის დავით გარეჯი არასდროს და ვერასდროს იქნება სასაცილო.
"მან, როგორც მე ვნახე თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის სასაცილოაო, ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით.
დავით გარეჯი არასოდეს და ვერასოდეს ვერ იქნება სასაცილო და ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, მე ვფიქრობ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყოველთვის, როდესაც მომავალში გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტსა და სხვა ევროპულ ფორმატებში, რა თქმა უნდა ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირებთ.
მე იმედი მაქვს, რომ ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.