ბრძოლა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ - ასე აფასებს ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო აქტივობას. მმართველი გუნდის წევრებმა ბათუმში მრავალათასიან წინასაარჩევნო შეხვედრას დღეს ბიოლოგიური ტერორიზმი უწოდეს. ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა აჭარა ახალ ეპიდაფეთქების კერად კიდევ ერთხელ იქცეს.
"ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე გამოხმაურებებს facebook პოსტით უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა. ექს-პრეზიდენტი COVID-19 ის მასობრივი გავრცელების მიზეზად მთავრობის მხრიდან კრიზისის არასწორ მართვას ასახელებს. სააკაშვილის თქმით, მასშტაბური საარჩევნო შეკრებები, არსებული საფრთხეების მიუხედავად, მაინც გაგრძელდება. ლიდერის პოზიციას იზიარებენ პარტიაშიც.
ხალხმრავალ საარჩევნო შეხვედრას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ პარტიებშიც. დარღვეული რეგულაციების გამო პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ხელისუფლებასაც აკისრებენ.
მასშტაბური წინასაარჩევნო შეხვედრებისგან დღეს პარტიებს ეპიდემიოლოგებმა თავშეკავებისკენ მოუწოდეს.