17 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
არჩევნები COVID-19-ის პირობებში - ცესკოს დადგენილება ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანია

კვლავ კრიტიკის სამიზნეა ცესკოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციაში, კარანტინსა და ბოქსირებულ განყოფილებებში მყოფი პირებმა ხმა გადასატანი ყუთების მეშვეობით უნდა მისცენ და ამისთვის მათ რეგისტრაცია 24-დან 26-ს ოქტომბრამდე უნდა მოასწრონ.

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებით, იზრდება რისკები, რადგან არ არსებობს კონკრეტული სია, ეჭვს იწვევს პროცესის გამჭვირვალობაც. განსაკუთრებული კრიტიკის მიზეზია რეგისტრაციის ვადები, ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ამ დადგენილებით რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს კონსტიტუციური უფლების განხორციელების საშუალება ერთმევა.

"ამ დადგენილების მიხედვით, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. აქ ცალსახად ჩანს, რომ ერთის მხრივ, არც ბაზები გააჩნიათ და სრულიად მოუმზადებლები არიან, მეორეს მხრივ დარეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა არის ძალიან მცირე," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ტემპის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესების მიღმა ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება:

"26-ის მერე არ გვეცოდინება ვინ არიან ეს ადამიანები, არ გვექნება სიები და უბრალოდ, ამის შემდეგ ვინც დაინფიცირდება, ამ ტემპით, როგორითაც საქართველოში ეპიდემია იზრდება, ამ ადამიანების რაოდებობა იქნება ბევრი, ეს ერთი. იმიტომ რომ არ შეუძლია მენეჯმენტი, იმიტომ რომ სხვა გაყალბების მანიპულაციებზე ფიქრობს სახელმწიფო პირდაპირ ართმევს მათ კონსტიტუციით  გათვალისწინებულ უფლებას,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაყალბებისა და მანიპილაციების შესაძლებლობად მიიჩნევს ცესკოს დადგენილებას "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და აპირებს ამის შესახებ ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს პირადად მიაწოდოს:

"ჩვენ ვამუშავებთ ამ დოკუმენტს, რომელიც პრაქტიკულად არის გაყალბების  და მანიპულაციების შესაძლებლობა და ამ ინფორმაციასაც უახლოეს 2 დღეში პირადად მე მივაწვდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. როგორ აპირებს ცესკო კოვიდინფიცირებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების გამოყენებას არჩევნების გასაყალბებლად," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები