ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, რომ ცესკოს დადგენილებით, რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობს ან თვითიზოლაციაშია, კონსტიტუციური უფლების განხორციელების საშუალება ერთმევა, უმრავლესობაში პასუხობენ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცესკო სტანდარტული პრაქტიკით მოქმედებს. იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეიძლება რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ შეძლოს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იმ პერიოდში როდესაც კორონავირუსის პანდემია არ იყო. არჩევნებში გაცილებით მეტი ადამიანი ვერ იღებდა მონაწილობას საზღვარგარეთ მოგზაურობის გამო:
"ცესკომ მიმართა სტანდარტულ პრაქტიკას, რაც მოქმედებს მათ შორის სხვა პაციენტებისათვის, ვისაც შეიძლება სჭირდებოდეს გადასატანი ყუთი, რაც შეეხება იმას, რომ ყველას არ ეძლევა ხმის მიცემის უფლებით სარგებლობის საშუალება, ესეც ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკაა. 8 ათასი კაცი დარჩება, პირობითად, ხმის უფლების გარეშე, რაც ნორმალურია. როცა კოვიდი არ იყო, უამრავი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას და მათი რაოდენობა, ვინც ქვეყანას ტოვებდა მოკლევადიანი ვიზიტით და ამის გამო ვერ აძლევდა ხმას არჩევნებში, იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე კოვიდის შემთხვევაში შეიძლება იყოს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცესკოს მუშაობას ნაყოფიერს უწოდებს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი, მისი განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ცესკოს პროტოკოლის შემუშავებაში სპეციალისტები იყვნენ ჩართული და მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ცესკოს იმ დადგენილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციაში, კარანტინსა და ბოქსირებულ განყოფილებებში მყოფი პირები ხმას გადასატანი ყუთების ამოქმედებით მისცემენ. მათი შეფასებით, იზრდება რისკები, რადგან არ არსებობს კონკრეტული სია. ამას გარდა, კრიტიკის ავტორებს აეჭვებთ პროცესის გამჭვირვალობა იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრაცია ამ ადამიანებმა 24-დან 26-ს ოქტომბრამდე უნდა მოასწრონ.