ცენტალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 14 საათამდე გადაწიოს.
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამ უფლებით სარგებლობა თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ მხოლოდ იმ ამომრჩევლებს შეეძლებათ, რომელთა მონაცემებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად ფიქსირდება.
"თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის 14 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს საინფორმაციო ცენტრს მომართა 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური კომისიის დადგენილებას, რომლითაც თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოსთან დაკავშირების საშუალება 26 ოქტომბრის 22 საათამდე ჰქონდა, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა.
დადგენილება სამოქალაქო პლატფორმამ 20/20 საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.