ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ხვალ კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში "ძალა ერთობაშიას" წევრები ვითარების დაძაბვას შეეცდებიან, დამატებით განმარტებებს მისივე გუნდის წევრები აკეთებენ.
მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ მათ მიერ გახმაურებული კონკრეტული ინფორმაციები არ დადასტურდება.
"დღეს ჩვენი მხრიდან გახმოვანებული იყო კონკრეტული ინფორმაციები, რომლებიც, იმედი ვიქონიოთ, რომ არ დადასტურდება, რადგანაც ჩვენი პრევენციული განცხადებები უზრუნველყოფენ იმას, რომ წესით ვეღარ გაბედავენ ამ ყველაფერს. თუ მათ მაინც გაბედეს და მსგავსი ქმედებები ჩაიდინეს, ეს იქნება დასტური ამ ინფორმაციისა"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ ხვალ, არჩევნების დღეს, ოპოზიცია ეცდება ესკალაციაში გადაიტანოს პროცესები.
"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანია იყო მხოლოდ დესტრუქცია და პროვოკაცია. ცხადია, ხვალ რაც უფრო მოახლოვდება მათი სამარცხვინო მარცხი, მით უფრო ეცდებიან რომ ესკალაციაში გადაიტანონ ეს ყველაფერი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგანაც ეს ადამიანები ბუნებით არიან ასეთები," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.