"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არჩევნების შედეგები არ არის სრულყოფილი.
ნინო ბურჯანაძის თქმით, უბნების ნაწილში არ ბალანსდება მომსვლელისა და ხმის მიმცემი ადამიანების რაოდენობა.
ბურჯანაძე ხელისუფლებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
"აქ ახსენეს ISFED-ის კვლევა 4%-იანი ცდომილებით, რა თქმა უნდა, ამ არჩევნების შედეგები არ არის სრულყოფილი. დიახ, ამ არჩევნების შედეგები არ ემთხვევა რეალობას. შეიცვალა არჩევნების შედეგები, იმიტომ რომ "ლელოს" ექნებოდა 7%, "გირჩს" ექნებოდა 6% ამ ცდომილების შემთხვევაში, "ნაციონალურ მოძრაობას" 31%, ჩემს პარტიას 4-5%, რომელზეც მე რეალურად ვლაპარაკობდი. მე არასოდეს არ მითქვამს, რომ ჩვენ გვაქვს 10-12% ამ არჩევნებში. ეს წინა არჩევნებში გვქონდა და ბიძინა ივანიშვილმა იზრუნა რომ 5%-ზე ჩამოვსულიყავით. მე შევეცდები, რომ აუქმების მეშვეობით დავამტკიცო, თუ ამას სასამართლო განიხილავს. აბსოლუტურ უმრავლესობაში უბნების არ ბალანსდება მომსვლელისა და ხმის მიმცემი ადამიანების რაოდენობა. ასევე არის უბნები, ვაზისუბანში ერთ კორპუსში მაქვს 46 ხმა და გვერდით მდგომ კორპუსში მაქვს 0. ეს რანაირად არის წარმოუდგენელია. უკიდურესად გაღატაკებულ ქვეყანაში ხელისუფლება იყენებდა ფულს, მოსყიდვას იმ ადამიანებისა რომელთაც ძალიან უჭირთ ეკონომიკურად. იყენებდა ნარკოტიკებს, რომელსაც არიგებდა ხელისუფლება და ამის ფოტოებიც არსებობს. ეს სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს კადრულობს იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
არავინ არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, შესაბამისად, ლოგიკურია, როცა ლეგიტიმურობას არ აღიარებს როგორ უნდა შეხვიდე იმ ორგანოში სამუშაოდ. ასევე როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, თუ პირველი ტური იყო არალეგიტიმური. ეს ხელისუფლება არის დამთავრებული, ეს არის დროის საქმე. ჩვენ ამ პარლამენტს უნდა გამოვუცხადოთ ბოიკოტი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.