17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებელიც"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი პარტია ოპოზიციის პროტესტს უერთდება და პარლამენტში საკუთარ მანდატებზე უარს ამბობს.

გიორგი ვაშაძემ მოუწოდა მხარდამჭერებს, კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მოვიდნენ. 

"ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ჩცვენმა ისტორიამ წინ დაგვიდო, რა თქმა უნდა, ერთსულოვანია "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არცერთ შემთხვევაში არ შევალთ პარლამენტში.

ეს არის უპირობო გადაწყვეტილება, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ ვაცხადებდით, მაგრამ დღეს გვინდა რომ ერთიანი განცხადება გავაკეთოთ.

მე მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა: ჩემო ძვირფასებო, ჩვენს წინაშე არის ძალიან დიდი გამოწვევა - ან ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, ან ვაბარებთ ამ სახელმწიფოს ივანიშვილის რეჟიმს.

მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად არც ერთი წამით არ ვაპირებ უკან დავიხიო, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენ ვიქნებით ქუჩაშიც, ყველგან, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. კვირას ყველას გთხოვთ, სამ საათზე, საერთო ეროვნული შეკრება უნდა გავმართოთ რუსთაველზე. ყველა უნდა შეიკრიბოს, როგორც თბილისი, ისე რეგიონები. ძალიან გთხოვთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი, თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს არ ყოფილა, იმიტომ, რომ ყველას გვაქვს გასიგრძეგანებული რასთან გვაქვს ახლა საქმე. საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან, დემოკრატიის დასამარებასთან, უმძიმეს სიტუაციასთან, რომელიც ხვალ და ზეგ გველის. ჩვენი მომავალი თაობა ვერასდროს ვერ გვაპატიებს უპრინციპობას ამ სიტუაციაში. მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიბრძოლოთ ბოლომდე,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები