მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას საკუთარი ქმედებები პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს. "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" ბულინგის ქვეშ არიან.
"ეს პარტიები არიან დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ბულინგის ქვეშ. მათი გეგმაა თავის ამომრჩეველს გამოუცხადოს ბოიკოტი. თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, მათივე ამომრჩეველს არ ეყოლება ხმა, რომლისთვისაც მხარდაჭერა საარჩევნო ყუთთან გამოხატეს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია პატივს არ სცემს როგორც ამომრჩეველს, ასევე პატივს არ სცემენ ქვეყნის დემოკრატიას.
"ღმერთმა დაგვიფაროს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში არშემოსვლით დისკომფორტი შეგვექმნას. ჩვენი ამოცანა და საზრუნავია ჩვენი ხალხი,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს იმის ღირსება, რომ მარცხი აღიაროს.
"სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს აჰყვნენ ის პარტიები, რომლებსაც შედარებით ცოტა მხარდაჭერა აქვთ, გარკვეულწილად, პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობაში არიან. ეს ყველაფერი მათ პოლიტიკურ ჩიხამდე მიიყვანს,"- განაცხადა გიორგი კახიანმა.