17 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
ხმაური გლდანში - ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გლდანში, სადაც ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ადგილზე ფლაერებს არიგებდა და ამომრჩეველს კვირას აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მან ერთ-ერთი სამართალდამცველი იცნო და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს გლდანში იარაღიანი პირები გადაადგილდებოდნენ, პოლიციას სათანადო რეაგირება არ ჰქონია და ისინი არ დაუკავებია. კამათი სწორედ ამ თემას მოჰყვა.

"არ აკავებდი, ყველა გარეთაა და სათამაშო იარაღი იყოო, ამას მეუბნები კამერების თანდასწრებით. როგორ არ გრცხვენია? შემეცოდე ადამიანურად, რომ კრიმინალების გარემოცვაში იყავი და ხმას ვერ იღებდი, ჩემი ქვეყანა მეცოდება,"- მიმართა ნიკა მელიამ პოლიციელს.

პოლიციელის განცხადებით, არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ამის გამო 6 კაცია  დაკავებული

"არსებობენ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ყველაფერთან ერთად არიან ჩვენს წინაშე კი არა ჩვენი შვილების წინაშე უკვე დამნაშავეები, აი ეს ბატონი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, ყველა დარბევა რაც კი ხორციელდებოდა გლდანში, ჩანდნენ და არ აკავებდნენ, გული მეტკინა იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პოლიციელები. ახლა ამბობს, რომ სათამაშო იარაღი ჰქონდაო," - განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან აღნიშნული დაპირისპირების შესახებ საუბრისას.

 

დღის ამბები