ატლანტიკური საბჭოს წევრი ჯონ ჰერბსტი კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საერთო ენა უნდა გამონახონ.
არჩევნებს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიხაელ ზიბერტიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალმა საარჩევნო სისტემამ, რომლითაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს. გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ შანსის გამოყენება მნიშვნელოვანია.
"ველით მეორე ტურის საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას. საარჩევნო პროცესის ხარვეზები ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთობლივი თანამშრომლობით უნდა გადაწყდეს," - წერს მიხაელ ზიბერტი.
არჩევნების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოში თუ იმ დარღვევებს, რაზეც დამკვირვებლები საუბრობენ, ადგილი ნამდვილად ჰქონდა, მაშინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ის ასევე ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს პროტესტის და უკმაყოფილების გამოხატვის უფლება, თუმცა მხარეებს ძალადობის თავის არიდებისკენ მოუწოდებს.