"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ლარის გაუფასურებას "ოპოზიციის მიერ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარს" უკავშირებს.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღეში კურსი დარეგულირდება.
"როდესაც შენ აანონსებ რევოლუციურ სცენარებს, არეულობებს და უბედურებას, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე დღის საქმე. 2-3 დღეში მიხვდება ქართული საზოგადოება, რომ მათ არავითარი თავი რევოლუციური სცენარის განხორციელების არ აქვთ, ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ქართული ოცნების" წევრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეკონომიკა თვიდან თვემდე ჯანსაღდება, ხოლო ლარის კურსზე საგარეო და საშინაო ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს.
"ეკონომიკა თვიდან თვემდე ჯანსაღდება, გვაქვს ეკონომიკის გაჯანსაღების ძალიან პოზიტიური ტენდენცია. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ლარის კურსზე ზემოქმედებს როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები. ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არამარტო ჩვენი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის შეფასებითაც, სამწუხაროდ, აისახება ჩვენს ლარის კურსზე,"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბრისთვის ლარი თითქმის ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. მხოლოდ დოლართან და ევროსთან მიმართებით ცვლილება პლუს 4-4 თეთრს შეადგენს. მონაცემები საგრძნობლად მაღალია ბოლო ერთი კვირის სტატისტიკის მიხედვით.