ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის მოთხოვნებზე განმარტებები გაკეთდა. როგორც ცესკოს წარომადგენელმა განაცხადა, გარკვეულ შემთხვევებში, არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობა გამოიკვეთა. მისივე ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი განცხადებების განხილვა გრძელდება.
"საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი განცხადებების განხილვა გრძელდება, თუმცა პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, იციან სამართლებრივად ვინ არის საოლქო საარჩევნო კომისიაზე დასწრების მქონე უფლებამოსილი პირი, ისინი კომისიებისგან მოითხოვენ კანონის დარღვევას და უფლებამოსილი პირების დაშვებას სხდომებზე.
ამასთან, მათ ყველას ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია დაესწროს სხდომას. მიუხედავად აღნიშნულისა, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის ჩაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტის თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის არა უმეტეს ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად,“ - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა.