აქციამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციურ სპექტრს შორის შიდა კონსულტაციები დაიწყო. სხვადასხვა პარტიების ლიდერები "ლელოს" ოფისში შეიკრიბნენ. ისინი განიხილავდნენ გეგმას - როგორ გაგრძელდება პროტესტი იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, რომელიც არჩევნებიდან მე-9 დღეს ისევ ძალაშია. როგორც ცნობილია, პოლიტიკოსებთან ერთად შეხვედრას ესწრებიან სამოქალაქო აქტივისტები.
მთავარი კითხვაზე, როგორია გეგმა მას შემდეგ, რაც 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდება, პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არ დაემორჩილებიან. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა აქციაზე 22:00 საათის შემდეგ.
"სასაცილოა, რასაც ისინი ლაპარაკობენ, რაც უნდა ის თქვან კობახიძემ და ივანიშვილმა, რა ციხე, რა სასჯელი, ეს ადამიანები არიან თავიდან ბოლომდე მხოლოდ ძალადობრივ მორევში ჩაფლულები. არაფერი სათქმელი აღარ აქვთ. რა უნდა თქვან, დამნაშავეები ვართ და დიქტატურა დავამყარეთო ამას ხომ არ იტყვიან?“ - აცხადებს ნიკა მელია.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა კი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.
"პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ტოტალურად გაყალბდა არჩევნები, გაყალბდა ისე, რომ მისი ვეღარც გადათვლა შველის, ვერც გადმოთვლა, ვეღარაფერი ვერ შველის, იმდენად გაყალბებულია ეს არჩევნები. ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები,“ - აცხადებს გიგი უგულავა.
დღეიდან დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკურს უწოდებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. მისი განცხადებით, ყველა ადამიანმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს, მოიქცევა თუ არა შეზღუდვების შესაბამისად.
დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს, უკანონოს უწოდებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკანონო და კოვიდთან ბრძოლასთან ამას კავშირი არ აქვს. ჩვენ არ ვემორჩილებით, არ ვცნობთ ამას, მიგვაჩნია უკანონოდ, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს არ მოვუწოდებთ, რომ თქვენც გინდა თუ არა დაარღვიეთ,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ ბერძენიშვილი კი ამბობს, რომ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია“ 22:00 საათის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს დაუმორჩილებლობას უცხადებს.