სად და როგორ ხედავენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ანალიტიკოსები. მათი ნაწილი ოპოზიციას პარლამენტში შესვლასა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. ექსპერტების მტკიცებით, ეს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გზაა.
ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი დიალოგის მომხრეა, თუმცა იზიარებს ოპოზიციის მიერ წაყენებულ პირობებს - ან ხელახლა მოხდეს ყველა უბნის დათვლა ან დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება არის პოლიტიკური დიალოგი, რადგან პროცესების რადიკალიზაცია ქვეყანას აზიანებს.
პოლიტიკურ პროცესში ჩართული მხარეებისგან კომპრომისს ელოდებიან ანალიტიკოსები. პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდისთვის, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ორმხრივი კომპრომისი, ვინაიდან, მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარება ქვეყნისთვის, რომელსაც რეგიონში მწვავე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები აქვს, დამაზიანებელი აღმოჩნდება.
ექსპერტების ერთი ნაწილისთვის არის კიდევ ერთი გზა, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლა ქუჩაშია, კვლავ პარლამენტის კედლებს დაუბრუნდეს.