დაშავებულია აქციის 10-მდე მონაწილე, მედიის 3 წარმომადგენელი, მათგან ერთ-ერთი მძიმედ, 14 სამართალდამცველი - ეს არის ცესკოსთან გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგი.
ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ამ ადამიანებმა ქვების, წყლის ჭავლისა და სხვადასხვა ნივთის გამოყენების შედეგად მიიღეს. მოვლენები ცესკოსთან დრამატულად მას შემდეგ განვითარდა, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის კორდონი გაარღვია და ცესკოს შენობისკენ დაიძრა.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გასანეიტრალებლად წყლის ჭავლი გამოიყენეს, რასაც მომიტინგეების მხრიდან სპეცრაზმის მისამართით ქვებისა და ხის ცეცხლმოკიდებული ნაჭრების სროლა მოჰყვა.
ცესკოსთან მომხდარი დაპირისპირებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე პოლიციამ 19 პირი დააკავა.
ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, ცესკოსთან მომხდარ დაპირისპირებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ არათანაბარი ძალა გამოიყენა.
პოლიტიკური შეფასებების მიღმა უკვე განსაზღვრულია მომხდარის სამართლებრივი სტატუსი. ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.