17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
სააკაშვილის მორიგი დაპირება და მორიგი მუქარა - ამჯერად, ექსპრეზიდენტის სამიზნე პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები არიან

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ისევ საქართველოში დაბრუნებას აანონსებს და პარალელურად, კვლავ შურისძიებით იმუქრება. ამჯერად, მისი სამიზნე პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები არიან. უკრაინის მოქალაქემ თავის მომხრეებზე დავალებები დისტანციურად გასცა.

საქართველოში ჩამოსვლისთვის კი მას, დანარჩენი ოპოზიციის დახმარება სჭირდება. სააკაშვილი ოპოზიციის ერთობას სწორედ მისი საკითხის ირგვლივ ითხოვს. ექსპრეზიდენტის თქმით, თუკი ოპოზიციური ერთობა ამის საჭიროებას დაინახავს, ის მზადაა, უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდეს და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს.

ექსპრეზიდენტის განცხადებას ლოგიკურს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და ამბობენ, რომ ამ საკითხზე კოლეგებთან საუბარი აუცილებლად შედგება. ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლები კი სააკაშვილის დაბრუნებაზე საერთო შეთანხმების საჭიროებას ვერ ხედავენ. მათი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანაში ჩამოსვლის საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

ექსპრეზიდენტის გამოსვლას დესტრუქციულს და კომიკურს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერების აზრით, სააკაშვილს დაბრუნების შემთხვევაში საპატიმრო ელოდება. შესაბამისად, თუ ის ჩამოსვლას გადაწყვეტს, სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვისაც მზად უნდა იყოს. რაც შეეხება პოლიციის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებას, "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ეს სააკაშვილის ლუსტრაციაა.

მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" დახმარებით საკუთარ მომხრეებს თითქმის ნახევარი საათი მიმართავდა. თუმცა, კონკრეტულად, როდის გეგმავს ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას, ჯერჯერობით, კვლავ უცნობი რჩება.

დღის ამბები