არჩევნებიდან 11 დღე გავიდა, ოპოზიცია კი შედეგებს არ აღიარებს და საკუთარ პროტესტს აქციებით გამოხატავს. 8 ნოემბერს ჩატარებული აქციის შემდეგ, მასშტაბური შეკრება დაანონსდა შაბათს.
"ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ქუჩაში საპროტესტო აქციებს და ასევე, მზად ვართ დიალოგისთვის," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
ოპოზიციაში სამომავლო გეგმებზე შიდა კონსულტაციები გრძელდება. ასეთ შეხვედრას დღეს "ლელომ" უმასპინძლა.
"ხალხში ძალიან დიდი საპროტესტო მუხტია, ოპოზიციური შეხვედრებიც ემსახურება იმას, რომ მოხდეს ამ საპროტესტო მუხტის კონსოლიდაცია და ისე დაგეგმვა, რომ ჩვენი პროტესტი იყოს ერთიანი, მშვიდობიანი და გრძელვადიანი," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
"ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ქართველ ხალხს ეკუთვნის. უნდა მოემზადოს ბიძინა ივანიშვილი და თქვას, არის თუ არა მზად უარი თქვას დიქტატორობაზე, უზურპაციაზე, არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე და დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში," - აღნიშნავს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა.