17 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია - შალვა ნათელაშვილმა აშშ-ს ელჩის რეზიდენცია დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრიდან გამოსულმა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას პოზიცია არ შეუცვლია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ პირადად, მისი აზრით, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, რადგან გადათვლას არავითარი აზრი არ აქვს. 

"შეხვედრა გრძელდება, მე ცოტა ადრე გამოვედი გარკვეული მიზეზების გამო. შეხვედრები გაგრძელდება. ასეთი ერთიანი ქართული ოპოზიცია როგორიც არის, თუნდაც ამ წუთებში, მე არ მინახავს და ვერც წარმოვიდგენ. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რაზეც ვიდექით.

მე მოგახსენებთ ჩემს პოზიციას არჩევნების გადათვლასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვის პოზიციას ვერ მოგახსენებთ. არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, შედეგები ბათილად უნდა იყოს ცნობილი, თუნდაც ცესკოს, თუნდაც უმაღლესი სასამართლოს მიერ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ორ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია, არავითარი აზრი არ აქვს. გთხოვთ, მოლაპარაკების მონაწილეთა რეაქციაზე ნურაფერს მკითხავთ, რადგანაც ეს მოლაპარაკების დარღვევა იქნება.

ელჩები ვერ დაგავალებენ ვერაფერს, ისინი ახდენენ შუამავლობას და ცდილობენ, რომ მოლაპარაკების მონაწილეთა პოზიციები დააახლოონ და მიიღონ შედეგი. ის, თუ კონკრეტულად რა მიზანს მივაღწევთ, ძალიან ძნელია ვთქვათ, რადგან ახლა დაიწყო მოლაპარაკება. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ვითხოვთ ახალ არჩევნებს.

ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველდღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, წავალთ ამაზეც, არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება, გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ ვერ მოისყიდის, დააძალებს, გააყალბებს და ცხოვრებას და არსებობას ექნება აზრი ჩვენი ხალხისთვის.

რაც შეეხება ფულს, აღებ-მიცემობას და პროვოკაციებს, ამ ყველაფრის შტაბი იმყოფება ბიძინა ივანიშვილის სასახლეში, იქ შეგიძლიათ მიაკითხოთ.

რა თქმა უნდა, უმრავლესობას უნდა ეს პარლამენტი შეკრიბოს და გაყალბებული არჩევნების შედეგი დააკანონოს, ჩვენ ჩვენ პოზიციაზე ვართ,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები