17 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
ოპოზიცია მაიკ პომპეოს აქციით დახვდება - დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს შიდა კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მათი პროტესტი სხვადასხვა ფორმას მიიღებს. აქციები დაგეგმილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ქვეყანაში ვიზიტის დღესაც.

როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, იმ დღეს, როდესაც თბილისს მაიკ პომპეო ეწვევა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე მოეწყობა ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი. იქამდე, ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებას ხვალ, 15 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. 

"გავიარეთ, ძირითადად, საორგანიზაციო საკითხები ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ხვალ, სამ საათზე რუსთაველის გამზირზე იგეგმება ოპოზიციის მასშტაბური აქცია. ბუნებრივია, ყველა ოპოზიციურ პარტიას თავისი როლი აქვს, აქციას სჭირდება ლოჯისტიკა, დაორგანიზება და ეს საკითხები დეტალურად გავიარეთ.

მაიკ პომპეო ჩამოდის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად, ამიტომ, ჩვენ, ჩვენის მხრივ მას მოვუწყობთ დახვედრის აქციას, თუმცა, რა თქმა უნდა, იქნება ის ელემენტები, რომლებიც ეხება 31 ოქტომბრის არჩევნებს,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ზაალ უდუმაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, აქციები უნდა გაგრძელდეს, რადგან ხელისუფლება დათმობაზე სწორედ მსგავსი ზეწოლის შედეგად მიდის. 

"უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი, იმიტომ, რომ პროცესი დაიძრა თქვენი მონაწილეობით. თქვენი ზეწოლით რეჟიმმა უკან დაიხია და ჩვენ ამის სადემონსტრაციოდ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ პროცესები წავიდეს მშვიდობიანად და ხალხის გამარჯვებისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ გაყალბებული არჩევნების პრაქტიკა, ხელისუფლება უნდა იყოს რეალურად არჩეული და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა არსებობდეს," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრის ანზორ ბიწაძის განცხადებით, მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს აქცია ხაზგასმით ცივილური და განსხვავებული ფორმატის იქნება. 

"აქციები იქნება ცივილური, მშვიდობიანი. მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გამოვიდნენ და დაიცვან საკუთარი ხმა და არჩევანი იმისთვის, რომ ერთპარტიულ ქვეყანაში არ იცხოვრონ. რაც შეეხება მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს აქციას, ხაზგასმით ცივილური აქცია იქნება, ცოტა სხვა ფორმატის, იმისათვის, რომ ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ გავაგებინოთ, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ მათი ნაწილი და არა ბნელ მხარეს,"- განაცხადა ანზორ ბიწაძემ. 

დღის ამბები