17 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ" - მრავალჯერ შეუსრულებელი დაპირებით მიხეილ სააკაშვილი ისევ გააქტიურდა 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერების მისამართით, ფეისბუკ ჩართვის დროს აღნიშნა, რომ მისი საქართველოში დაბრუნება საერთო ოპოზიციური სპექტრის აქტიურობაზეა დამოკიდებული. უკვე არაერთხელ დაანონსებულ დაბრუნებამდე კი მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისა და მასობრივი პროტესტის ტალღის აგორებისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის დაბრუნებას, პოლიტიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სააკაშვილის გადაადგილების მარშრუტი მხოლოდ მისი პირადი გადასაწყვეტი საკითხია და ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნების საჭიროება ოპოზიციური ერთობის დღის წესრიგში არ დგას.

ძებნილმა პრეზიდენტმა სამართალდამცველებსა და მათ ოჯახებზე მორალური ზეწოლის განხორციელება კიდევ ერთხელ დააანონსა. მიმართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა პოლიციელებს სახელმწიფო გადატრიალების თანამონაწილეები უწოდა და მომავალში მათი პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრა.

პოლიტიკური წარსული - ასე გამოეხმაურნენ "ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვას. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ძალადობრივი მოწოდებები და მუქარა სააკაშვილისა და მისი მართვის სტილის ლუსტრაციაა. "ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებდნენ, რომ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე სახელმწიფო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

დღის ამბები