როდის გაიმართება დიალოგის მესამე რაუნდი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის. თარიღი უცნობია და ასევე უცნობია, მოასწრებენ თუ არა მხარეები კონსენსუსის მიღწევას მეორე ტურამდე, რომელიც მომავალ შაბათს, 21 ნოემბერს არის დანიშნული და მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას არჩევნებში.
ანალიტიკოსები პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლას ორივე მხარეს ურჩევენ.
"სივრცე არის დარჩენილი ამ შემთხვევაში მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების ფარგლებში. ანუ რადიკალურად განსხვავებული რამ გახლავთ ხელახალი არჩევნები, რომელიც ითვალისწინებს არსებული არჩევნების შედეგების გაუქმებას, რაც ფაქტობრივად ხელისუფლების მხრიდან ნიშნავს გაყალბების აღიარებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას. სრულიად სხვა არის რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ინიშნება კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში და ეს ხელისუფლებას შეუნარჩუნებს სახეს, მეორეს მხრივ ქვეყანას მისცემს სტაბილურობას და უმძიმესი თვეების გადაგორების საშუალებას, როგორც ეკონომიკური ასევე კოვიდ თვალსაზრისით. კომპრომისზე უნდა წავიდეს, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე. ხელისუფლების მხრიდან თუ იქნება კომპრომისი რიგგარეშე არჩევნების, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან შეიძლება იყოს პარლამენტში შესვლა,"- აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ არსებობს კიდევ ერთი გზა, რაც უბნების მთლიანად გადათვლას გულისხმობს. თუ ხელისუფლება ამაზე დათანხმდება, მაშინ ოპოზიციამაც პირობა უნდა დადოს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება შედეგი, ის მას აღიარებს:
"ორმხრივი კომპრომისის რესურსი ვფიქრობ რომ არის, თუ იქნება პოლიტიკური ნება. იმისთვის, რომ დავინახოთ ყველა მოქალაქემ სრული სურათი, რაც დადგა რეალურად არჩევნების შემდეგ, ამისთვის გადასათვლელია ყველა უბანი, არა მარტო ის, რომელიც გასაჩივრებულია. ვნახოთ, რა შედეგიც დადგება, აღიაროს ყველამ. თუ ამაზე ხელისუფლება მოდის, ოპოზიციამ თავის მხრივ პირობა უნდა დადოს, რომ რა შედეგიც არ უნდა იყოს, იმ შედეგებს აღიარებს. ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება რაღაცნაირად შეარბილებდა ამ ჩიხურ სიტუაციას. ახლა ისე გამოდის, რომ ორივე ერთმანეთს თხოვს, რომ დაგვნებდიო და დანებება არავის არ უნდა, ცხადია," - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
მომდევნო კვირა ქვეყნისთვის პოლიტიკურად ცხელი იქნება, დაანონსებულია საპროტესტო აქციებიც, ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღეში ქვეყანაში მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ელოდებიან.