17 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ექსპერტები ხელისუფლებას და ოპოზიციას კომპრომისისკენ მოუწოდებენ

ექსპერტები ხელისუფლებას და ოპოზიციას კომპრომისისკენ მოუწოდებენ. ვითარების განმუხტვის გზად ანალიტიკოსები დათმობის ნაბიჯებს ასახელებენ, რომელიც შექმნილ ვითარებაში, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა გადადგას.

ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ თუ შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე შედგება, ოპოზიციამ ამ არჩევნების შედეგების გაბათილება აღარ უნდა მოითხოვოს, საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიდეს, მეათე მოწვევის პარლამენტმა გარკვეული პერიოდი უნდა იმუშაოს და მოამზადოს ნიადაგი რიგგარეშე არჩევნებისთვის. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კი, მათი აზრით, უკვე ერთი წლის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად შეიძლება.

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის"გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი იმედოვნებს, რომ აშშ-ის უშუალო ჩართულობით მოიძებნება ბალანსი და ქართული პოლიტიკური პროცესი კანონს მიღმა არ გავა:

"არც ეგრეთ წოდებული ამომრჩევლის უმცირესი ჯგუფი უნდა დაიჩაგროს და არც უმრავლესი, შესაბამისად სწორი ეკვილიბრიუმის მოძებნა არის ყველა სეგმენტს შორის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი უცხოური მედიაციით, განსაკუთრებით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის უშუალო მონაწილეობის ხარჯზე, ეს სწორი თანწყობა, ბალანსი მოიძებნება. ვფიქრობთ, რომ მივალთ ისეთ გადაწყვეტამდე, რომ ქართული პოლიტიკური პროცესი დარჩეს ინსტიტუტების ფარგლებში, არ გავიდეს კანონის მიღმა და ჩვენ ყველამ მივაღწიოთ იმ საწადელ შედეგს, რასაც ჰქვია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება," - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას იმაზე სერიოზულ დათმობებზე მოუწევთ წასვლა, ვიდრე ეს 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად მოხდა:

"სერიოზული დათმობებია საჭირო უპირველეს ყოვლისა მმართველი პარტიის მხრიდან და ასევე ბუნებრივია ოპოზიციის მხრიდანაც. კიდევ უფრო სერიოზული დათმობებია საჭირო, ვიდრე იმ მოლაპარაკებების დროს, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. იმისთვის, რომ საზოგადოება საბოლოოდ იტყვის, რომ სწორი ნაბიჯები იდგმება გაყალბებული არჩევნების შედეგების აღმოსაფხვრელად და სამართლიანი არჩევნების გასამართავად," - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

დღის ამბები