ევროპული საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრზე გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტმა, ტიკი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა - თბილისში გამოხმაურება მოჰყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი იზიარებს მიხეილ სააკაშვილის აზრს და ისიც აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი კოქსი პრორუსულობით გამოირჩევა, შესაბამისად, ის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, თავისი შეხედულება ჰქონდეს ამა თუ იმ წარმომადგენელზე.
"მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, თავისი შეხედულება ჰქონდეს ამა თუ იმ წარმომადგენელზე. მათ შორის კოქსზე, რომელიც გამოირჩევა პრორუსული განწყობებით. ეს იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
არავისთვის დასამალი არ არის, რომ ევროსაბჭოში არაერთი პრორუსული გუნდი არსებობს, ამიტომ, ამის შესახებ ღიად უნდა ვისაუბროთ და არა დამალულად," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანზორ ბიწაძის განცხადებით კი, არავის არაფერი უნდა ვუწოდოთ ისე, თუ დანამდვილებით არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე კი აცხადებს, რომ ვიღაცის აგენტად შერაცხვა ნამდვილად ცუდი პოლიტიკური კულტურის მიმანიშნებელი არის.
"მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ადამიანებთან და დეპუტატებთან მიმართებაში შეიძლება გვქონდეს ჩვენი ძალიან მწვავე პოზიცია და კოქსთან მიმართებაში ჩემი შეფასებაც არის ძალიან მწვავე, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საპირისპირო პოზიციებს აჟღერებდა წლების განმავლობაში, თუმცა, ასეთი შეფასებები, პირადად ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდება - ვიღაცის აგენტად შერაცხვა ნამდვილად ცუდი პოლიტიკური კულტურის მიმანიშნებელი არის პირადად ჩემთვის," - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.