ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა.
"მეათე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა - შევლენ პარლამენტში და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.
მინისტრის განცხადებით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. „ესაა პანდემია, რომელსაც ვებრძვით; ესაა ეკონომიკური სირთულეები, რაც ერთობლივადაა დასაძლევი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციაც პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ჩაერთოს მათ შესახებ მსჯელობაში, დებატებში და ერთობლივად ვიმუშაოთ მეათე მოწვევის პარლამენტში," - განაცხადა ნათია თურნავამ.