17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
დიალოგის მესამე რაუნდამდე ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება - ხელახალი არჩევნები

დიალოგის მესამე რაუნდამდე ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება - ოპონენტები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ხელახალი არჩევნები დანიშნოს, გარდა ამისა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციისა და კანონმდებლობის ცვლილება და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლება.

"ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ უკვე მოლაპარაკებებზე ვართ და გვინდა, რაღაცნაირად შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები, სხვა კომპრომისული სივრცე ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს უკან არიან საქართველოს მოქალაქეები," - აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციაში ერთხმად აცხადებენ, რომ ახლა კომპრომისი და ნება მმართველმა გუნდმა უნდა გამოიჩინოს, რაზეც შეიძლება მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

"ახლა ბურთი არის "ქართული ოცნების" მხარეს, ამ ე.წ. მეორე ტურმაც დაადასტურა, რომ მანდატი "ქართულ ოცნებას" არ გააჩნია. ერთპარტიული პარლამენტი ცხადია პარლამენტი არ არის და მისი ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლფასი და ამიტომ, ახლა "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოიტანოს გონივრული წინადადება, კომპრომისი იმის შესახებ, თუ როდის და როგორ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები არ შეცვლილა.

"მოთხოვნები იგივე არის რაც იყო - ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და სისტემის ცვლილება, რომ არჩევნებს ზოგადად როგორც ინსტიტუტს აზრი მიეცეს," - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები