ევროკავშირის ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და სხვა დიპლომატებთან ერთად უკვე რამდენიმე კვირაა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს. ბოლო შეხვედრა ოპოზიციასთან პარასკევს გაიმართა.
"მე ყოველთვის ვხედავ გამოსავალს. წინა პარასკევს შევხვდი ყველა ოპოზიციონერ ლიდერს, რაც ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა იდეების გასაუმჯობესებლად, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ გზა საქართველოსთვის, იმისათვის, რომ იყოს სრულად დაკომპლექტებული პარლამენტი, რათა ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რის წინაშეც მოკლევადიან პერიოდში ეს ქვეყანა დგას," - ამის შესახებ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ერთ-ერთმა მთავარმა მომლაპარაკებელმა კარლ ჰარცელმა დღეს დილით გააკეთა.
როგორც "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, ოპოზიციის ბრძოლის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნები და პარლამენტი შედგეს. გიგი უგულავას თქმით, სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
"სწორედ ეს არის ყველაზე სწორი და მოკლე გზა იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს მართლა დაბალანსებული პარლამენტი და რომ ქვეყანაში მართლა ჰქონდეს აზრი არჩევნების ჩატარებას," - განაცხადა გიგი უგულავამ.
პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მიმართ დიდი მოლოდინია, ვინაიდან არსებულ ვითარებაში იოსელიანის თქმით, ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. მისივე განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები და წინადადებები მმართველი გუნდისთვის ცნობილია, თუმცა "ქართული ოცნებიდან" შემხვედრი წინადადება ჯერჯერობით არ გამოთქმულა.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით კი, მოლაპარაკებების მესამე რაუნდის იმედი აქვს, თუმცა ხელისუფლებას ჯერჯერობით თავისი პოზიცია აქვს წარმოსადგენი.
"დაილაპარაკეთ, გაარკვიეთო ერთმანეთში, დაახლოებით ასეთი რაღაცა გვითხრეს, რაც მეგობრისგან გასაგები პოზიციაა. ეს არის ხალხი, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში სიტუაცია იყოს კარგად და ესმის, რას ნიშნავს ერთპარტიული პარლამენტი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. მესამე რაუნდი რამის მომტანი რომ არ მეგონოს, ცხადია, მასში მონაწილეობას არ მივიღებდი და ჩვენს ძვირფასს პარტნიორებს დროს არ დავაკარგვინებდი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი იმ პოლიტიკური კომპრომისის მოძებნაა, რომელიც უზრუნველყოფს ვითარების შექმნას ვადამდელი, დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ოპოზიციის მოთხოვნებში ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და განსხვავებული პოლიტიკური გარემოს შექმნა შედის.