17 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტში შესვლა "ტეხავს" - იაგო ხვიჩია

როდის გაიმართება მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ჯერჯერობით,  უცნობია.

მესამე შეხვედრა ელჩების შუამდგომლობით არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, პირველად უნდა მოხდეს.

ოპოზიცია არ ცვლის მოთხოვნებს და ისევ ხელახალი არჩევნებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს, თუმცა, უცვლელია მმართველი გუნდის პოზიციაც იმის შესახებ, რომ არჩევნების თავიდან ჩატარება არ განიხილება.

ოპოზიციაში აფასებენ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, სადაც ისინი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკური პარტიას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ეს განცხადება იმაზე მიუთითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს სრულფასოვანი პარლამენტი და ხელისუფლება ჰყავდეს. 

"ევროკავშირის ელჩის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტის შიგნით გააგრძელებენ პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა, ამას წინ ახლავს სერიოზული დაბრკოლება, რაც გულისხმობს გაყალბებულ არჩევნებს, ამის ფონზე კი არცერთ ოპოზიციურ სუბიექტს პარლამეტთან ახლოს გაკარებაც კი არ უნდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს კრიზისი დასრულდეს, გამოსავალი კი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე. 

რაც შეხება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას განცხადებას, ის ამბობს, რომ მისი პარტიის პოზიცია პარლამენტში შესვლაზე თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა ახლა, როდესაც ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო, იქ შესვლის სურვილი არცერთ ოპოზიციურ სუბიექტს არ აქვს. იაგო ხვიჩია ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დასავლეთის განწყობები ეტაპობრივად აუცილებლად შეიცვლება. 

"ჩვენ პარლამენტში შესვლა რომ გვინდოდა და ყველა სლოგანზე "გირჩი პარლამენტში" რომ გვეწერა - გასაგებია. მე კი ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო. ეს ის პარლამენტი არ არის, სადაც შესვლა შესაძლებელია. პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტში შესვლა "ტეხავს". ვფიქრობ, რომ დასავლეთის განწყობა ნელ-ნელა შეიცვლება. თუ საბოლოოდ გაირკვევა, რომ ჩვენ ახალ წელს ერთპარტიული პარლამენტით შევხვდით, ყველა ისრები ხელისუფლებისკენ წამოვა. ახლა ეს ისრები ოპოზიციისკენ მოდის, რადგანაც ყველა ჩვენს მეგობარს უნდა რომ ჩვენ ქუჩაში არ ვიჩხუბოთ," - აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთ დროს ყოველთვის ფრთხილები არიან ხოლმე.

"საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან ფრთხილები არიან ხოლმე, რადგანაც ნებისმიერი მხარდაჭერა იმისა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ეს რეალურად პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის საშინაო საქმეებში და ფაქტობრივად, დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდებაა. ამიტომ, მათ ურჩევნიათ რომ პროცესს შედარებით მარტივი გადაწყვეტისაკენ უბიძგონ," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები