ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართვის პარალელურად, ელჩები და პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის ემზადებიან. მმართველ გუნდი შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებების საგანი ხელახალი არჩევნების დანიშვნა ვერ იქნება.
პარტიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ოპოზიციური პარტიები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვიან.
"მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებისთვის ყველა პოლიტიკური პარტია და ყველა პოლიტიკური აქტორი შედეგზე იყოს ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, წინასწარ რაიმე ულტიმატუმის დაყენება არ არის სწორი. სწორი მიდგომაა ის, რომ პირველ რიგში გავიგოთ ერთმანეთის პოზიციები და ვეძებოთ ის საკითხები, რაშიც შეიძლება, რომ შევთანხმდეთ. ამჟამად ჩვენს მიერ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება, ამიტომ, თუ ამაზეა მხოლოდ მოლოდინი, ეს ძალიან ცუდი წინაპირობაა მოლაპარაკებისთვის," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.