გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთავრობა შესაძლო შეზღუდვების დაწესებას ბიზნესთან ერთად აქტიურად განიხილავს.
მთელი დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიენციაზე ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ლოკდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა მსხვილი სავაჭრო ცენტრებისა და ტექნიკის მაღაზიების წარმომადგენლები შეხვედრის დასრულების შემდეგ, შესაძლო საათობრივ ან დღიურ შეზღუდვებზე მიანიშნებენ.
რეგულაციების დაწესება რომ გარდაუვალია, ამაზე საგამომცემლო და პარფიუმერული ბიზნესის წარმომადგენლებიც საუბრობენ.
კერძო სექტორში ამბობენ, რომ მზად არიან ხელისუფლებასთან ერთად კომპრომისული ვარიანტი შეიმუშაონ, რომელიც ვირუსის გავრცელების ტემპს შეაკავებს და ამავდროულად ბიზნესს არსებობის საშუალებას დაუტოვებს.