17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ე.წ შეთანხმებას საექსპერტო წრეებში ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებენ

კიდევ ერთი ნაბიჯი ანექსიისაკენ - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი მოსკოვის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას. მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ეგრეთ წოდებული შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც რუსეთს სურს, 3 წლის ვადაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იურიდიულად მის შემადგენლობაში მოხვდეს და ამით გააგრძელოს 2014 წელს დაწყებული პროცესი, როცა ოკუპირებულ რეგიონებთან ეგრეთ წოდებული სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა.

საქართველოს საექსპერტო წრეებში აღნიშნულ შეთანხმებას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ თავად აფხაზებისთვისაც:

"თუ აქამდე აფხაზეთი იყო რუსეთის უკანა ეზო, ამ დოკუმენტის მიხედვით ის ხდება მისი შიდა ეზო. ფაქტიურად მთლიანი სოციალურ-ეკონომიკური სფერო იქნება მიბმული რუსეთზე და იქნება გამართული ისე, როგორც არის რუსეთში. ყველაზე მეტად საშიში პუნქტი თვითონ აფხაზებისთვის იქნებოდა ქონებასთან დაკავშირებული, თვითონ აფხაზური მხარე დუმს ამ თემაზე, ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი ამოღებულია," - აცხადებს "ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი.

სააგენტო "აქცენტის" მთავარი რედაქტორი ეკა ცანავა მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიების სრული ანექსიაა:

"2-3 წელიწადში როგორც სამაჩაბლო, ისე აფხაზეთი გვექცევა რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად - ეს არის აბსოლუტურად რეალური პერსპექტივა. საგანგაშო არის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თავად აფხაზებისთვის და ის 5 პუნქტი, მათ შორის, ქონების რუსებისთვის გასხვისება. რუსების მოთხოვნა და ერთ-ერთი პუნქტია, აფხაზურ კანონმდებლობაში უცხოელებზე მიწისა და უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის გაუქმება," - განაცხადა ეკა ცანავამ.

დღის ამბები