პრემიერი ბიზნესისა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრას ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, მათ შორის მსხვილი სავაჭრო ობიექტების და რესტორნების ასოციაციების წევრები ესწრებიან.
ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შეღავათების დაწესების გარეშე, ბიზნესების ოპერირება ძალიან გართულდება.
"საკითხი დავაყენეთ, რომელიც ეხებოდა საშემოსავლოს ჩამოწერას 6 თვე და ასევე ქონების გადასახადის გადავადებას. ვფიქრობ, რომ თუ შეღავათები არ იქნება და ფინანსურ ინსტიტუტებთან თუ არ მოხდება მოლაპარაკება, ბიზნესების ოპერირება ძალიან გართულდება," - აღნიშნავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, "აჭარა ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი ნინო ზამბახიძე.
რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტი კი იმ ოქროს შუალედზე საუბრობს, სადაც ბიზნესი არ დაზარალდება და კოვიდვითარებასაც პრობლემა არ შეექმნება.
"უნდა შევჯერდეთ იმ ოქროს შუალედზე, სადაც ბიზნესი არ დაზარალდება და თუ ამ ვითარებაში რესტორნებს გარკვეული წილი მიუძღვით, ესეც იმ ვითარებაში ჩამოყალიბდეს, რომ კოვიდვითარებას პრობლემა არ შეექმნას," - აცხადებს საქართველოს რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.