კიდევ ერთი დაპირება დასავლეთიდან, თუმცა ამჯერად უკვე კონკრეტული მექანიზმით. ახალი ინიციატივა და საქართველოს ნატოში შესვლის ახალი, შემოვლითი გზა.
ალქესანდრე ვერშბოუ იმ მცირერიცხოვან დიპლომატთა რიცხვშია, ვინც 12 წლის განმავლობაში პირველად დაასახელა კონკრეტული გზა მიზნის მიღწევისთვის.
12 წლის წინ საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსის მიერ მიცემული პირობა რომ შესრულდეს, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ახალი მექანიზმის შექმნის აუცილებლობას ხედავს. ალექსანდრე ვერშბოუმ ორივე ქვეყნისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭების იდეა გაახმოვანა.
რას გულისხმობს ეს სტატუსი, ინიციატივის ავტორს არ დაუკონკრეტებია. თუმცა თქვა, რომ წევრობის პირობის მიცემისას დასავლეთმა მიზნის მისაღწევად გზები ვერ განსაზღვრა.
დიპლომატი მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც 2012-16 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე იყო, საქართველო-ალიანსის თანამშრომლობაზე საუბრისას დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას. ალექსანდრე ვერშბოუ ამბობს, რომ დასავლეთმა მოსკოვთან სამომავლო უკეთესი ურთიერთობების სამსხვერპლოზე, რუსეთის მეზობელი ქვეყნები არ უნდა შეეწიროს.
არის თუ არა მაპი უალტერნატივო ინსტრუმენტი ნატოში მოსახვედრად? - ეს კითხვა ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში არა ერთხელ დაისვა.
ალექსანდრე ვერშბოუს იდეა, ისევე როგორც ყველა სხვა ინიციატივა, რომელსაც შეუძლია საქართველოს დაცვა გარე საფრთხეებისგან და ქვეყნის ნატომდე მიყვანა, საინტერესოა ოპოზიციისთვის. თუმცა, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ მთავარი მიზანი საქართველოსთვის ალიანსის წევრობაა.