უკვე ერთი საათია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიცის შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციონერი ლიდერები დღეს იმსჯელებენ როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმებზე, ასევე, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე.
"მთავარი განსახილველი საკითხი იქნება სწორედ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება, ანუ როგორ დახვდება ოპოზიცია კომუნისტური პარტიის დაბრუნებას საქართველოში. რაღაც ვერსიები არსებობს, რომელიც, პრაქტიკულად, შეჯერებულია, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ფართო ფორმატში გავიაროთ, შევთანხმდეთ საბოლოოდ და გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მესამე რაუნდზე ხელისუფლებისგან კონკრეტულ შემოთავაზებას ელოდება და სწორედ ეს რაუნდი გადაწყვეტს გაგრძელდება თუ შეწყდება მოლაპარაკებები.
მოლოდინის რეჟიმში ვართ, არ ჩანიშნულა მოლაპარაკების მესამე რაუნდი. ახლა ეს ის რაუნდია, რომელზეც უნდა გადაწყდეს, გაგრძელდება თუ შეწყდება ეს მოლაპარაკებები, რადგან ამ ორი რაუნდის განმავლობაში მხარეებმა გავცვალეთ პოზიციები და ახლა ჩვენ ველოდებით ხელისუფლებისგან წინადადებას,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ოპოზიცია პროტესტის გამოხატვის განსხვავებულ ფორმას მიმართავს და პარლამენტის წინ ტრადიციული აქციები არ იქნება.
"ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება.ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ზედმეტი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საერთო ეპიდსურათის გათვალისწინებით, მივიჩნევთ,რომ ჯობია სხვანაირად გამოვხატოთ ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ხაზი გავუსვათ, დავანახოთ საზოგადოებას მთელი სისავსით ის აბსურდი, რასაც ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს,"-განაცხადა გიგი უგულავამ.
პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციის მტავარი მოტხოვნები კვლავ უცვლელია.
"ჩვენ ვისაუბრებთ, ერთის მხრივ, შემდგომი მოლაპარაკებების შინაარსზე, თუმცა, ის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არ შეიცვლება. რაზეც აქამდე იყო საუბარი ის საკითხი არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს არის ხელახალი არჩევნები.
ვისაუბრებთ, ასევე, როცა შეკრიბება პარლამენტი პირველად, იმ დღისთვის როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ლელოს" ლიდერის, საბა ბუაძის შეფასებით, მოლაპარაკების მესამე რაუნდთან არსებული კითხვის ნიშნების ადრესატი მმართველი გუნდი უნდა იყოს, რადგან პროცესის გაგრძელება მათ შემოთავაზებაზეა დამოკიდებული.
"ჩვენი სამომავლო პროტესტი იქნება ისეთი,როგორიც დღევანდელ მოცემულობას შეესაბამება. ვართ მესამე რაუნდის მოლოდინში, თუმცა, აქ ახალი ნამდვილად არაფერია, ვინაიდან დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რომელიც, სამწუხაროდ, დუმს, რომელმაც არ მოიტანა კონტრშემოთავაზება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამიტომ, მთავარი ადრესატი, მოქმედი პირი ამ კითხვის ნიშნების თვალსაზრისით უნდა იყოს ხელისუფლება,"-განაცხადა საბა ბუაძემ.