"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ლიდერების განცხადებით, ისინი პარლამენტის შეკრების პირველ დღეს პარლამენტის წინ ხელს მოაწერენ სიმბოლურ დოკუმენტს, რომელიც სამი პუნქტისგან იქნება შედგენილი.
"ვინც შევიდა, ის დეპუტატები ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ შესვლაზე, პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდება და მესამე - ყველა მოაწერს ხელს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოპოზიცია ამაში არის ერთიანი,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ
"ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია ერთიანია და არცერთი პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
"ოპოზიციამ მიიღო ერთობლივი, ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომ არცერთი დეპუტატი და არცერთი პარტია, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებული არჩევნებით გადავიდნენ ბარიერს, არ შედიან პარლამენტში პროტესტის ნიშნად, რადგან ეს არჩევნები იყო გაყალბებული, მოპარული, იქურდა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა და მოპარულის და ნაქურდალის განაწილებაში არავინ მონაწილეობას არ აპირებს,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.