"კურიერის" ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება. თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
ეს თარიღი ასევე მნიშვნელოვანია გაერთიანებული ოპოზიციისთვისაც. "ქართული ოცნების" ოპონენტები, პარლამენტის პირველივე სხდომის დღეს, კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავენ. ცნობილია, რომ ხელი მოეწერება რამდენიმე დოკუმენტს, რომლითაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატავს განწყობას, რომ არ ენდობა ცესკოს შედეგებს და მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა.
სამოქმედო დღის წესრიგზე კონსულტაციები გრძელდება, ამ წუთებში ლიდერები პარტია "ლელოს" ოფისში იმყოფებიან.
"ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს ქვეყანაში, შეიკრიბება მეტეხთან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს ამ დეკლარაციას. გარდა ამისა, დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით, გასული არიან პარლამენტში, ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
"გაყალბებული პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას ვაპირებთ. ამ ღონისძიების სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. შინაარსი არის შემდეგი - ხელი მოეწერება საერთო, დიდ დეკლარაციას იმ მოთხოვნებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი სისტემით, ახალი შემადგენლობით დანიშვნა. ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს ყველა ის პარტია, ვინც ეთანხმება," - აღნიშნა გიგი უგულავამ.
"ლელოს" წევრის საბა ბუაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" შიგნით პოზიციის არარსებობა არის ის, რაც აყოვნებს მესამე რაუნდის ჩატარებას. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს საპასუხო კონტრშეთავაზება და ეს აბრკოლებს შეხვედრების გამართვას ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძეს თქმით, მოლოდინი არსებობს, რომ მესამე რაუნდი შედგება, თუმცა ეს "ქართული ოცნების" წინადადებაზეა დამოკიდებული.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს ანზორ ბიწაძეს მესამე რაუნდისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს.