15 მაისი 2024,   22:49
ვრცლად
ფაშინიანმა თანამდებობიდან გენშტაბის უფროსი გაათავისუფლა - სომხეთის პრემიერი მომხრეებს შეკრებისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში სამხედრო გადატრიალებისა და დამხობის მცდელობაზე საუბრობს და მომხრეებს შეკრებისკენ მოუწოდებს. მან განცხადება სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს გაავრცელა.

საუბარია სომხეთის თავდაცვის უწყების გენერალურ შტაბში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც სამხედროები, გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის გადაყენებას აპროტესტებდნენ და ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ.

როგორც ფაშინიანი აცხადებს, მან მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გაათავისუფლოს გენშტაბის უფროსიც.

სომხეთის პრემიერმა მხარდამჭერებს მოუწოდა მივიდნენ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებისათვის საჯარო მიმართვას გეგმავს.

"ყველას მოგიწოდებთ მოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე, რადგან ვითარება რთულია. მე მივიღე გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის გათავისუფლების შესახებ. ამ წუთებში ვამზადებ დოკუმენტს, რომ გადავაყენო შტაბის ხელმძღვანელიც. მიმდინარე მოვლენებს სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვაფასებ. თქვენ იცით, რომ ომის მთელი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე, მაგრამ დღეს უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ უკვე პასუხი უნდა აგონ სხვებმაც.

თუ ჩვენ გვინდა ომის შესახებ სრული სიმართლე ვიცოდეთ, შეკითხვები უნდა დავუსვათ სამხედრო მაღალჩინოსნებს, მაგრამ ეს არ მოსწონს ზოგიერთ გენერალს. მათ არ სურთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე რამდენიმე ეპიზოდის შესახებ, მაგრამ ეს აუცილებელია. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მაგალითად, რა კავშირები არსებობდა ზოგიერთ მაღალჩინოსან ოფიცერსა და პოლიტიკურ ძალებს შორის. ზოგიერთი მათგანი უკავშირდებოდა ჯარისკაცებს და ეუბნებოდა, რომ აუცილებელია ხელისუფლების გადადგომა.

9 ნოემბერს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ამ ძალებს სურდათ მთავრობის წევრების მიმართ ანგარიშწორება. მე მინდა ომის შესახებ დღეს გაირკვეს ყველაფერი და ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. მოგიწოდებთ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. ამასვე ვთხოვ სამხედროებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჯარი და შეიარაღებული ძალები არ უნდა იყვნენ ჩართული პოლიტიკაში, თუმცა ეს ყველას არ ეხება, ბევრი მათგანი უბრალოდ ბრძანებებს ასრულებდა. ყველას შევახსენებ, რომ ჯარი ვალდებულია დაემორჩილოს თავდაცვის მინისტრს და პრემიერ-მინისტრს," - განაცხადა ფაშინიანმა.

დღის ამბები