17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საფრთხის გამო ქაბულის აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებს 

ამ დრომდე ავღანეთში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. მათი დიდი ნაწილი კვლავ ვერ ახერხებს უსაფრთხოების გამო ქაბულის აეროპორტამდე მისვლას.

"კურიერის" ინფორმაციით, მხოლოდ იმ 6-მა ქართველმა მოახერხა ადგილზე მისვლა, რომლებიც შედარებით ახლოს იყვნენ აეროპორტთან.

საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა თურქი სამხედროების დახმარებით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 

ამ დრომდე ქართული მხარის მიერ გაგზავნილი ბორტი ავღანეთის დედაქალში არ ჩაფრენილა. უცნობია, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანი რეისის ზუსტი დრო.

ავღანეთში არსებული ქაოსი აფიქრებს ევროპას, რომ ეს მოვლენები აუცილებლად განაპირობებს მიგრანტების ზრდას, როგორც ეს 2015 წელს იყო. ევროპა ამბობს, რომ ის მიგრანტების საკითხს არ გაექცევა.

"ისტორიული გარდამტეხი პერიოდია ავღანეთში. უკიდურესი აუცილებლობა მოითხოვს უსაფრთხოდ იყვნენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც უნდა დატოვონ ქვეყანა, ასევე ავღანელები რომლებიც საფრანგეთისთვის მუშაობდნენ. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივი ევკუირება მოხდა. ვეკონტაქტებით საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს, ვინც სამხედრო თუ სამოქალაქო აეროპორტში მოხვედრას ცდილობს. ფრანგული ორგანიზაციების ყველა ავღანელ თანამშრომელს, მათ ოჯახებს, რომელთაც საფრთხე ემუქრება, და ასეთი 600 ადამიანზე მეტია, შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში კარგი პირობები მიიღონ. ჩვენი ვალია და პატივია დავიცვათ ისინი, ვინც ჩვენ გვეხმარება - თარჯიმნები, მძღოლები, მზარეულები და მრავალი სხვა. ავთანეთის დესტაბილიზაცია არალეგალურ მიგრაციას იწვევს ევროპაში. საფრანგეთი, როგორც ვთქი, გააგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას იმ ადამიანებისადმი, ვისაც საფრთხე ემუქრება. ჩვენ ჩვენს წილს შევიტანთ ორგანიზებულ და სამართლიან საერთაშორისო ძალისხმევაში. მაგრამ ავღანეთს ასევე სჭირდება მომავალში საკუთარი ძალების მობილიზება. ევროპა ვერ იქნება ერთადერთი ვინც მიმდინარე სიტუაციის შედეგებს მიიღებს,"- აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

"ჩვენ არასოდეს უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, მათ შორის 59 გერმანელი, ვინც ამ მისიისთვის სიცოცხლე დათმეს ან ფიზიკური და მენტალური ზიანი მიიღეს. ამიტომ მეფიქრება მათი ნათესავებისა და მეგობრების ტკივილზე განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველაფერი ამაო ჩანს. მე სიტუაცია დღეს განვიხილე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ჩვენ კოორდინაციას გავუწევთ ევაკუაციის პროცესს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. მჯერა, რომ გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო იქნება. ასევე განვიხილავთ მიგრანტთა საკითხს. აქ მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნების დახმარება, სადაც შესაძლოა ავღანელი ლტოლვილები ჩავიდნენ, განსაკუთრებით პაკისტანის,"- აცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. 

დღის ამბები