17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
ქვეყანა, სადაც "კოვიდის 1 შემთხვევაც არ არის", ნიღბის ტარების გამო კი მოსახლეობას აჯარიმებდნენ - ჯანმოს თურქმენეთის არ სჯერა

თურქმენეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანას კორონავირუსით დაავადებულები არ ჰყავს, თუმცა ინფორმაციის სისწორეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეჭვი შეაქვს.

"სამეცნიერო თვალსაზრისით, შეუძლებელია, თურქმენეთში კორონავირუსი არ იყოს," - ამბობს BBC-სთან ორგანიზაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კეტრინ სმოლვუდი.

თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, ამტკიცებს, რომ ვირუსის არცერთი შემთხვევა არ აქვს, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდით დაავადებულების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ორგანიზაცია Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილის, რეიჩელ დენბერის თქმით, თურქმენეთის ოფიციალური მონაცემები სანდრო არ არის, ქვეყნის ხელისუფლება მკვეთრად რეპრესიულია, ხელისუფლება - ავტოკრატიული. დენბერი ამბობს, რომ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჯანმო-ს წარმომადგენლებს თურქმენეთში ჩასვლის საშუალება მხოლოდ ერთხელ მიეცათ, 2020 წლის ივლისში. თურქმენი ჟურნალისტი რუსლან მიატიევი, რომელიც ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ხელისუფლება ვიზიტისთვის წინასწარ კარგად მოემზადა :

"მათ ყურადღებით შეარჩიეს ექიმები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდებოდა, ამასთან, სტუმრები წაიყვანეს წინასწარ შერჩეულ საავადმყოფოში და აჩვენეს წინასწარ შერჩეული პაციენტები" - ამბობს მიატიევი.

კეტრინ სმოლვუდის თქმით, ქვეყანაში აჯარიმებდნენ ყველას, ვინც ნიღაბს ატარებდა და სოციალურ დისტანციას იცავდა, მათ პანიკის დათესვაში ადანაშაულებდნენ, ახლა კი პირიქით - მოსახლეობას ნიღბისა და დისტანციის დაცვას სთხოვენ. რამდენიმე თვის წინ კი თურქმენეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველა ზრდასრულისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.

დღის ამბები