დღეს მსოფლიოში მთვარის ახალ წელს აღნიშნავენ.
ჩინური ზოდიაქოს კალენდრით, ვეფხვის წელი დადგა.
ასევე ცნობილია, როგორც გაზაფხულის ფესტივალი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინეთში.
ამ დღისთვის მილიონობით ადგილობრივი მშობლიურ ქალაქებს უბრუნდება და ახალი წლის დასაწყისს ოჯახებთან ერთად აღნიშნავს. ადგილობრივები სახლებს წითელი ფარნებით რთავენ, რაც მათი რწმენით ბოროტ სულებს განდევნის და დალოცვას, ჯანმრთელობასა და მშვიდობას მოიტანს.
ეს ტრადიცია ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსშიც არ დაარღვიეს. ხომალდი საახალწლო დეკორაციებით მორთეს და მოლოცვები კოსმოსიდან გამოგზავნეს.
მთვარის ახალი წელი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ვიეტნამელებისთვისაც. ჰანოის ძველ კვარტალში ადგილობრივები ტრადიციულ ბაზრობებზე დეკორაციებისა და ყვავილების საყიდლად გადიან.
ტაივანში ვეფხვის წლის აღსანიშნავად, მორწმუნეები ისტორიულ ბუდისტურ ტაძარში შეიკრიბნენ.
აზიის გარდა ჩინურ ახალ წელს ყველაზე მასშტაბურად ლონდონში აღნიშნავენ. ამ პერიოდში ქალაქს დაახლოებით ნახევარი მილიონი ტურისტი სტუმრობს, თუმცა წლევანდელი წელი პანდემიის გამო მოკრძალებულად აღინიშნება.
ახალი წელი ბუენოს-აირესის ჩინურმა თემმაც აღნიშნა. ეს დღე არგენტინის დედაქალაქში ტრადიციული დრაკონების ცეკვით აღნიშნეს.
ცეკვითა და მსვლელობით აღნიშნეს ახალი წელი ავსტრალიაშიც. მილიონობით ადამიანს ეს დღე რომის პაპმაც მიულოცა. ზედიზედ უკვე მესამე ახალი წელია, რომელიც პანდემიის გამო მსოფლიოში მოკრძალებულად აღინიშნება.