ქვეყანაში ეპიდვითარების პიკია. გადამწყვეტი ახლა მომდევნო რამდენიმე დღეა, ამ პერიოდში გამოჩნდება დაიხევს თუ არა ან როდის დაიხევს უკან ვირუსი.
დღიურად ჩატარებული ტესტების თითქმის მესამედი დადებითი პასუხია, თუმცა ომიკრონის მარტივი მიმდინარეობის გამო, ექიმების დაკვირვებით, ბევრია უსიმპტომო ინფიცირებული, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ხელს უწყობს.
დღიურად გამოვლენილი რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორში, სიტუაციის სამართავად საკმარისი რესურსი არსებობს. ომიკრონით ინფიცირებული პაციენტების 97% მკურნალობას ახლა ბინაზე გადის, დანარჩენი კი სხვადასხვა კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში.
რადგან ახლა ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია, სპეციალისტები საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებებისგან დროებით თავის შეკავება - მათივე შეფასებით, ამ რეკომენდაციების გათვალისწინება ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სოციალური დისტანციისა და პირბადის ტარებასთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის უცვლელი იარაღი კვლავ ვაქცინაციაა. განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის და მათთვის, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვს.
ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო და კერძო სკოლების დიდი ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა.