ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართი დაიწვა. სავაჭრო ცენტრ არჩევანში ხანძარი ჩამქრალია. კერძო მესაკუთრეებს უკვე ჰქონდათ საშუალება ადგილზე ენახათ, თუ რამდენად დაზარალდნენ. ზუსტი ციფრები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დაიწვა საწყობის მხარე, სადაც სარემონტო და სამშენებლო მასალები იყო განთავსებული, დაზიანდა შენობის ფასადიც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია, რომლის გავრცელებას ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი.
რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომელი აცხადებს, რომ შენობა დაზღვეული იყო და შესაბამისად, კერძო მესაკუთრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.
შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მაღაზიები, პირველადი შეფასებით კი დაზიანებულია ერთი მაღაზია, სადაც სამშენებლო მასალები იყიდება. შენობის მეორე და მესამე სართული, რომელიც შენობის ადმინისტრაციული ნაწილია, ხანძრის გამო თითქმის სრულად არის განადგურებული.
"დაახლოებით არის 1000-დან 1500 კვ.-მდე ფართობი დამწვარი. შერეული ნივთები იყიდებოდა, ზუსტად არ ვიცით, რა რაოდენობაა. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და დათვლიან. ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, აუცილებლად მხარში ამოვუდგებით. დანარჩენი გამოძიების საქმეა და დაადგენენ,“ - ამბობს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში გივი ჩხარტიშვილი.