სოციალური ქსელ TikTok-ზე ხშირად შეხვდებით გამოწვევებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, თუმცა მთელს მსოფლიოში ვირუსულად ვრცელდება და უამრავი მომხმარებელი ებმება. ერთ-ერთი მათგანის დროს "ჩელენჯის" მონაწილეების ტვინს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი და საბოლოოდ, შედეგად სიკვდილი დგება ("თამაშის" სახელწოდებას, საფრთხის რისკებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ).
გამოწვევა ახალი არ არის, თუმცა სოციალურ ქსელში მას დღემდე უამრავი მომხმარებელი მიმართავს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, სახიფათო თამაშს 80 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გასულ წელს ამ დავალების შესრულებისას ოთხი 12 წელს ქვემოთ ბავშვი გარდაიცვალა.
"ამ დროს ტვინს იგივე ემართება, რაც ხდება დახრჩობის, ან გულის შეტევის დროს. თუ ტვინს 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება ჟანგბადი, ის ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილი დადგეს," - ამბობს ექიმი ნიკ ფლინი.
CDC ასევე, ავრცელებს ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მოზარდს, რომელმაც გამოწვევაში ჩართვა სცადა, მათ შორის არის ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე, ძლიერი თავის ტკივილი...
"კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ მშობელს სასიკვდილო თამაშის შესახებ არაფერი გაუგია, ამიტომ, იმედი გვაქვს, მივაწვდით მათ ინფორმაციას, ისევე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და მასწავლებლებს, რომ ამოიცნონ გამაფრთხილებელი ნიშნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად ბავშვებმა, შესაძლოა, ვერ გაიაზრონ ასეთი მოქმედების საფრთხე," - აღნიშნავს პროფესორი რობინ ტობლინი.