რუსეთი უკრაინის საზღვრებთან ახლოს მასშტაბურ სახმელეთო და საზღვაო სწავლებას იწყებს. დასავლური მედიის ინფორმაციით, სამხედრო მანევრების ჩატარება იგეგმება ხმელთაშუა და შავ ზღვაშიც. როგორც BBC-ს რუსულენოვანი სამსახური იუწყება, წვრთნები იგეგმება რუსეთის სამხრეთში მდებარე 15 პოლიგონზე - მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
პარალელურად, გერმანიის კანცლერმა ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა. მაღალი რანგის შეხვედრის ადგილი, ამჯერად გერმანიაა. საუბარი უკრაინის კრიზისს და ევროპის უსაფრთხოებას შეეხო.
გერმანიის კანცლერმა, პოლონეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ერთხმად აღნიშნეს, რომ ევროპაში ომი არ უნდა დაიწყოს.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების განლაგება შემაშფოთებელია.
"ჩვენი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა. უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების განლაგება ძალზე შემაშფოთებელია და ვითარების შესახებ ჩვენი შეფასებები თითქმის ერთნაირია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და ამას შორსმიმავალი შედეგები ექნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულადაც. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი: შევინარჩუნოთ მშვიდობა ევროპაში დიპლომატიური და მკაფიო გზავნილების მეშვეობით და ერთობლივი მოქმედების ერთობლივი სურვილით,“ - აცხადებს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა აღნიშნავს, რომ ამოცანაა იმ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა იქნას დაცული, რომლებიც არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრები არ არიან, თუმცა, არიან მოკავშირეები.
"ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა და სოლიდარობაა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთხმად ვსაუბრობთ და უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი გატეხვა შეუძლებელია, ჩემი აზრით ასევე უნდა ვაჩვენოთ რომ უკან არ ვიხევთ,“ - პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა.
ერთობლივ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
"ამ კვირაში ჩვენი სხვადასხვა დიპლომატიური მოსაზრებების გაცვლამდე, ჩვენ ვისაუბრეთ ტელეფონით ერთი კვირის წინ და გავაგრძელებთ მოქმედებას მომდევნო კვირებში მარტივი მიზნებით. პირველი არის ომის თავიდან აცილება. ევროპის კონტინენტის მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი საგანძურია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს,“ - ამბობს ემანუელ მაკრონი.