დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, "თბილსერვის ჯგუფი" გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.
ცენტრალური და საუბნო გზების გაწმენდის პროცესს თბილისის მერი კოჯორში დაესწრო.
"სამუშაოები დილის ხუთი საათიდან მიმდინარეობდა. წყნეთში, კოჯორსა და მიმდებარე სოფლებში ცენტრალური გზები გასუფთავებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. დაახლოებით, 120 ტონა ტექნიკური მარილი გამოვიყენეთ ამ სამუშაოებისთვის. მთავარია, რომ გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი. პრობლემები არ შექმნილა, ტექნიკა და პერსონალი მობილიზებულია. თუ საჭირო იქნა, გაწმენდის ღონისძიებებს კიდევ გავაგრძელებთ," - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, ბეთანიაში, დიდგორსა და თელოვანში. გზის გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც "თბილსერვის ჯგუფმა" გასულ თვეებში შეისყიდა.